ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა”- პროკურატურა

გენერალური პროკურატურა გლდანის ციხის საკნიდან ამოღებული ვიდეომასალების გავრცელებას ეხმიანება. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებები საქმეს ერთვის.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა უკვე გადაეცათ დაცვის მხარეს.

“გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების მასალა, მტკიცებულების სახით ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეს ერთვის. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა დაცვის მხარეს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკნებში დაამონტაჟა ვიდეოკამერები და მიკროფონები, რომლებსაც მაღალი მგრძნობელობით ხმის ჩაწერის შესაძლებლობა გააჩნია. აღნიშნული მასალა ტვ “პირველს” წყარომ მიაწოდა. ჩანმაწერებში ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ თუ მათ შაქარაშვილის მკვლელობისთვის გაასამართლებენ, გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ და ამას “მინიმუმ სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოჰყვება.”

 

იტვირთბა....