23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროგრამისტის მანქანაში ვადაგასული წამლები იპოვეს, თუმცა გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია, როგორ აღმოჩნდა იქ ეს მედიკამენტები. ამის შესახებ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ოჯახი ამბობს, რომ სახლში ვადაგასული წამლები არ ჰქონიათ.
“ავტომობილში იყო გაურკვეველი მედიკამენტები. საიდან აღმოჩნდა ეს მედიკამენტები, გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ეს კონკრეტული წამლები აღმოჩენილი არ არის. ოჯახი ამბობს, რომ სახლში ვადაგასული წამლები არ ჰქონდათ”. – უთხრა ფორმულას მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, 4 სექტემბერს მთავარ პროკურატურაში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვეს. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები და აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.
ამასთან, პროკურატურამ ვიდეომასალა გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი სააფთიაქო ქსელებში პრეპარატებს.