საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკველობის ვერსიას – ინფორმაციას ამის შესახებ, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.
მისივე განცხადებით, ის ამ ჩვენებებს გაასაჯაროებს.
„ჩვენ გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ და შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი. ამ დროს 12, 13, 14 აგვისტოს ვიდეოკადრები მაქვს გადაღებული, როგორ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, პოლიციელები არ იყვნენ იმ დღეს მორიგეობაზე.
მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ, როგორც თვითონ ასაჯაროებენ. ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ეს არის მწყემსების ჩვენებები“, – განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, „როდესაც ორგანიზებულია მკვლელობა, იქ ყველაფერი ხელთათმანებით ძალიან კარგად იგეგმება, რომ არავისი კვალი არ აღმოჩნდეს“.