აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს და განცხადებას ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირებას უქმე დღეებში, 5 და 6 სექტემბერსაც ჩაატარებენ.
“მეტრონომი” განცხადებას უცვლელად გტავაზობთ:
“ტესტირება ნებისმიერ მოქალაქეს – N1 პოლიკლინიკაში N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში და ევექსის ბათუმის ამბულატორიაში 10-დან 17:00 საათამდე შეეძლება. საჭიროების შემთხვევაში ამავე პოლიკლინიკებში ჩაუტარდებათ ექიმის კონსულტაცია.
კვლევა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება კარვებში, ბათუმის ბულვარის სამ ლოკაციაზე, კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის მიმდებარედ. აქ მოქალაქეებს 11:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო PCR ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს” – ნათქვამია განცხადებაში.