გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული ქალი 20 წლის ვერონიკა არონია.
როგორც გენერალური პროკურატურა აცხადებს, არონიამ ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, მან გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ, გამოგონილი ჩვენება მისცა.
„საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.
ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.
ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.
ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას. საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.