საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რადგან, მისი თქმით, ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი.
როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღეს აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით
“მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა – 38 შემთხვევა. დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საყურადღებოა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წალიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, დავიცვათ ჯანმრთელობა ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა.
ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და საქართველო დღეს აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

