ივნის – ივლისში საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. ჩვენ სერიოზულად მოვეშვით – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე ტალღის დაწყებას არ ნიშნავს, თუმცა მობილობის გაზრდასთან ერთად, ინფიცირების რაოდენობამაც მოიმატა, რაც პროგნოზირებადი იყო.
„ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მეორე ტალღას უფრო ცივი პერიოდი რომ დაგდება, მერე დავარქმევდი, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ მატება გვაქვს. მატება პროგნოზირებადი იყო და ვიცოდით, რომ იქნებოდა, რადგან აგვისტოში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, სერიოზულად გაიზარდა შიდა ტურიზმი და განსაკუთრებით დაიტვირთა შავიზღვისპირეთი.
ასევე გაიზარდა ფრენები, გაიზარდა ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა.
ჩვენ ჩაკეტილი და იზოლირებული არ ვართ და შემთხვევები, რომ გაიზრდებოდა, გასაგებია.
ასევე, ივნის – ივლისში საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. ჩვენ სერიოზულად მოვეშვით და თითქმის არსად არ იცავენ რეკომენდაციებს. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი ძალიან გაამწვავა და მე იმედი მაქვს, რომ აღსრულების მექანიზმები უფრო ძლიერი იქნება. მოგეხსენებათ მარტო შოლტით საქმე არ გამოდის და საჭიროა საზოგადოების მაღალი თვითშეგნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.