გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის სკანდალურ განცხადებას სომხური გამოცემები ეხმიანებიან.
„თურქეთის სპეცსამსახურების პირველი მსხვერპლი საქართველოში: რა იცოდა თამარმა ყარაბაღის შესახებ“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას სომხური გამოცემა.
სტატიაში ვკითხულობთ:
„ნიშანდობლივია, რომ თამარის დედა ყარაბაღში იარაღის მიწოდების საკითხებში მოუწოდებს დაინტერესდნენ აზერბაიჯანი და თურქეთი და არა სომხეთი. ნუთუ მას უთხრეს, რომ იარაღის მიწოდება სომხეთის მხარისთვის ხდებოდა და აზერბაიჯანი არაფერ შუაშია? ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ეს აქცია საქართველოში თურქული სპეცსამსახურების მორიგი ოპერაციაა, რომელიც სომხეთ-საქართველოს ღერძის შექმნის წინააღმდეგაა მიმართული.
აზერბაიჯანული და თურქული სპეცსამსახურები საქართველოში საქმიანობენ და ქვეყნის ხელისუფლებას მათ მიმართ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გავიხსენოთ, როგორ გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი… გავიხსენოთ, დავით გარეჯის მონასტრის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ივლისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა თბილისში სომხეთის საელჩოს წინ ანტისომხური საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
შესაძლოა თურქული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების აგრესიულობა იმასთანაა დაკავშირებული, რომ საქართველომ გადაწყვიტა ბოლომდე გამოიძიოს ბათუმში დაკავებული 9 შეიარაღებული თურქი მოქალაქის საქმე? დაღუპული გოგონას მშობლები კი, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ, რომ რაიმე პოლიტიკურ თამაშებში არ აღმოჩნდნენ ჩათრეულნი“ – წერს სტატიის ავტორი პუბლიკაციაში.
კიდევ ერთი სომხური გამოცემა თეონა თამაზაშვილის განცხადებას ასე ეხმაურება:
„თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გოგონა იმ მნიშვნელოვან საიდუმლოს შეეწირა, რომელიც მან გაიგო: თითქოსდა რამდენიმე ქართველი მაღალჩინოსანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებით არის დაკავებული. კურიოზი იმაშია, რომ მშობლების განცხადებით, „გოგონას რამდენიმე მილიონი დოლარი მისცეს, რომ მას არაფერი ეთქვა და დუმილი შეენარჩუნებინა“. აშკარაა, რომ მშობლების ეს ვერსია ზღაპრების ჟანრიდანაა, რადგან მხოლოდ დუმილის შესანარჩუნებლად რამდენიმე მილიონ დოლარს არავინ არავის არ მისცემს.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, არის იმის დიდი ალბათობა, რომ [ოპოზიციური] პოლიტიკური ძალები ამ საკითხით ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ სპეკულირებას დაიწყებენ.
ტყუილად ხომ არ მიმართა გოგონას დედამ აზერბაიჯანს და თურქეთს აქტიურად ჩაერიონ ამ საქმის ვითომდა გახსნაში… ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული არჩევნებისთვის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ძალები ემზადებიან, არამედ ბაქოც და ანკარაც.
თუ იმასაც არ დავივიწყებთ, რომ საქართველოში არჩევნების წინ შეიძლება ექსპრეზიდენტიც დაბრუნდეს, მაშინ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორიოდე თვის შემდეგ საქართველოს მდგომარეობა ბელარუსის მდგომარეობას დაემსგავსება. ამ ამბავმა კი სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს სომხეთზეც იმდენად, რამდენადაც ანკარა და ბაქო საქართველოში გარკვეული „კარტის გათამაშებას“ ცდილობენ” – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ამასთან მისივე მტკიცებით, თამარს იარაღის შესაძენად დიდი ოდენობით თანხა სხვადასხვა კომპანიებიდან გადაარიცხინეს, შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.