შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად ხუთი პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია – ამის შესახებ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, 3 ცნობილი დნმ-დან ერთი გიორგი შაქარაშვილს, მეორე ჩანთის მფლობელს და მესამე სავარაუდოდ, შაქარაშვილის ნათესავს ეკუთვნის.
,,დასკვნა მოვიდა ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად, უშუალოდ ჩანთაზე, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი შაქარაშვილს და აღმოჩენილია მდინარე არაგვის ნაპირზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, საუბარია ე.წ საბურთალოელებზე. თუმცა მათი დნმ პროფილი არ ამოსულა ჩანთაზე, ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ, რომელსაც ეკუთვნოდა ჩანთა. დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს გიორგი შაქარაშვილის ნათესავს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევა”, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვინმეს დნმ ჩანთაზე არ ამოვიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნებები შემხებლობაში არ არიან შაქარაშვილთან.
,,კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა”, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.