ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბაჩალიაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვ. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ინფორმაცია, თითქოს სუს-ის კუთვნილი მანქანები 23 წლის ახალგაზრდა ქალს უთვალთვალებდნენ, სიცრუეა.  გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაბამის მარშრუტზე უწყების ავტომობილები ყოველდღიურად გადაადგილდებიან და ეს “უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას”:

“გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურის და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბაჩალიაშილის საქმის მასალების ერთერთ ვიდეო ჩანაწერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამი მანქანა ფიქსირდება. ოჯახის ვერსიით, აღნიშნული მანქანები ბაჩალიაშვილს დაედევნენ.

27 აგვისტოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანები გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთში აღმოჩდნენ.

ცნობისათვის, დღეს რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ა­ში, 23 წლის პროგრამისტის კუთ­ვნი­ლ ავ­ტო­მო­ბი­ლს ექ­სპერ­ტი­ზა ჩაუტარდა. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს,  რომ თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....