მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.
წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის – აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.
სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.