დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი შოთიკო ჭაბაშვილი, რომელიც ბაჩალიაშვილებს აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა რამდენიმე დღეა ოჯახთან კონტაქტზე აღარ გადის.
თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ჭაბაშვილზე ზეწოლას ახორციელებენ. მისივე თქმით, ოჯახის მეგობარს შოთიკო ჭაბაშვილს მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარება.
აღნიშნულს მსახიობი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ჭაბაშვილთან მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვს და წლებია მას არ შეხვედრია.
“წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი. არც გადაცემებისთვის მიყურებია, გასტროლებზე ვარ ქალაქგარეთ. რაც შეეხება შოთიკო ჭაბაშვილთან ჩემს კავშირს, ის ჩემი მამიდაშვილის შვილია. ჩემი მამიდაშვილი გარდაცვლილია და დაახლოებით, სამი წელია შოთიკოს არ შევხვედრილვარ. ჩვენ ნათესავები ვართ, მაგრამ ტერიტორიული სიშორისა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვხვდებით ხშირად ერთმანეთს. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, მასთან არანაირი შეხება არ მაქვს“. – აცხადებს პაატა გულიაშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.