ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უკვე ნათელი ხდება, რომ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ…” – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში ჩვენებებს და ვიდეოჩანაწერებს გაეცნო.

რამიშვილის თქმით, საქმეში ძალიან დიდი მასალაა.

„გავეცანი ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერებს და უკვე ნათელი ხდება, რომ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. ვნახოთ, გამოძიება როგორ იმუშავებს. ძალიან დიდი მასალაა. არის ვიდეოჩანაწერები სათვალთვალო კამერებიდან, თამუნა როგორ გადაადგილდებოდა. იქ სხვა მანქანებს კიდევ ვაკვირდებით და ძალიან ბევრ რაღაცებსაც. 24-საათიანი არის ეს ყველაფერი და ყველა დროში შეიძლება იყოს ისეთი აღმოჩენები, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ. 24-საათიანია მთელი ერთი თვის ჩანაწერები.

ასევე, ჩვენებებს გავეცანი დამატებით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკითხული, რომელთა დაკითხვა არის აბსურდი, რადგან არ შეიძლება, მაღაზიაში მომუშავე ადამიანის წინ ჩაიაროს 5 000-მა მანქანამ და აქედან რამდენი ადამიანი უნდა იცოდეს გამყიდველმა. ხომ არ შეიძლება, ყველა იცოდეს. თამუნამ რა მაღაზიასთანაც გაიარა, ყველა მაღაზიასთან დამლაგებელი, გამვლელი, ყველა დაკითხულია. ამის დაკითხვას ჯობს, დაკითხონ ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება უფრო მეტი რამ იცოდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....