“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროკურატურის განცხადებამ დამატებით კიდევ რამდენიმე კითხვა გააჩინა, კერძოდ:
“პროკურატურამ გამოაქვეყნა კადრები – კადრში ჩანს სამი ავტომანქანა, რომელიც გზის რაღაც მონაკვეთზე თამარ ბაჩალიაშვილის მანქანასთან ერთად გადაადგილდება!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ “მთავარი არხის” ინფორმაცია ზუსტია-მანქანები ოპერატიულია და სუსის ბალანსზეა!
ამის გაკეთება შეიძლებოდა მაშინვე როცა ეს კითხვები გაჩნდა! (სულ აგვიანებთ)
კადრში ჩანს რომ ავტომანქანები ბაზის ტერიტორიაზე შედიან!
ეს ბაზა სასაფლაოსთან ახლოა – ორმოცზე ყოფნისას მეც გადავიღე!
აქვს თუ არა ბაზას სხვა გასასვლელი?
ჩანან თუ არა ეს ავტომობილები იმავე დღეს ან გვიან ღამე სხვა კამერებში?!” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდება.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.