ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა” – კილაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს’ წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები.

როგორც კილაძე აცხადებს, მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს..

“ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და “ქართული ოცნების” პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა,”- განაცხადა კილაძემ.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

იტვირთბა....