ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან” – ინაშვილი “დოსიეს” ინფორმაციაზე

“პატრიოტთა ალინსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც სააგენტო “დოსიე” ავრცელებს, შეთხზულია და არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსისთვის” სამუშაოს ასრულებს ოთხი ამერიკული, ორი ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია.

“ტვ პირველმა” და “მთავარმა არხმა” დღეს შექმნეს სიუჟეტი, რომელიც ძალზედ სერიოზულად ცდება და არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს. სიუჟეტში საუბარია N სააგენტო “დოსიეზე”. მე არ ვიცი, ეს რა სააგენტოა – რუსეთში ასობით ასეთი სააგენტო არსებობს და სააგენტო “დოსიეს” მიერ შეთხზული ე.წ. ინფორმაცია ან გამოტანილი დასკვნები არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად! მითუმეტეს, რომ, როგორც ფაქტს, ამ ე.წ. ინფორმაციას აფასებს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მეგობარი ვინმე იგორ კუროპტევი.

ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან. ჩვენ ნამდვილად გვყავს ამერიკაში ოთხი კომპანია, რომლებიც წლების მანძილზე გვიწევდნენ კონსულტაციას და ახლაც გვეხმარებიან რჩევებით. სწორედ ამ კომპანიების დახმარებით გვქონდა შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან! ჩვენ გვყავს ასევე ორი ებრაული კომპანია, რომლებიც გვიწევენ კონსულტაციას. და მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც ჩვენ კონსულტაციას გვიწევს! ნამდვილად, საკონსულტაციო კომპანიიის ვალდებულებაა, რომ შემოგთავაზოს სტრატეგია, ტაქტიკა, იდეები, ზოგჯერ წინადადებებისა და სიტყვების დონეზე თავისი მოსაზრება მოგაწოდოთ კლიპებზე, გაზეთზე, გაიანგარიშოს საარჩევნო ბიუჯეტი: პესიმისტური, შუალედური, ოპტიმისტური და კვლავ ხაზს ვუსვამ – ამ რთულ სამუშაოს ჩვენთვის ასრულებს ოთხი ამერიკული, ორი ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია. მეტიც, აქაც ჩამოვლენ ჩვენი ამერიკელი, ებრაელი და რუსი კონსულტანტები და საჯაროდ იმუშავებენ ჩვენს ოფისში. აქ არაფერი დანაშაული არ არის და არც დასამალია რაიმე. აქ მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია დიდი ტყუილისაკენ: თქვენ, ზოგიერთი ჟურნალისტი, თითქოს ჰყვებით სიმართლეს, რომ ჩვენ გვყავს კონსულტანტი, ჰყვებით სიმართლეს, რომ ამ კომპანიამ ესა თუ ის რჩევა მოგცვა. ამბობთ სიმართლეს, რომ მან შემოგვთავაზა ბიუჯეტის სქემა, თუმცა, 8 მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა არც ყოფილა, 8 მილიონი ალბათ იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერია 8, 41 ნომერი რომ ვყოფილიყავით, ალბათ, 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ. მთავარი სიცრუე ერთია – რომ ეს ბიუჯეტი მიგვაქვს, თურმე, პუტინთან! მაქვს პირველი კითხვა: ოთხმა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტი, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ტრამპს შეუტანეს? და რომ ფული უკვე მივიღეთ?! ორმა ებრაულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა ბიუჯეტის გაანგარიშება, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ნეთანიაჰუს შეუტანეს და ფული უკვე მივიღეთ?!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს ბინძური თავდასხმა ემსახურება ორად ორ მიზანს და მინდა პერსონალურად მივმართო სააკაშვილს და ბოკერიას: თქვენ – სააკაშვილი და ბოკერია გაცოფებულნი ხართ იმით, რომ 1 მილიონ 200 000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ, აქ დევს ეს ანკეტები და 750 000 აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ და პირდაპირ გეუბნებით: აქედან ჩანს, რომ ოთხნახევარ პროცენტზე ნაკლები გაქვთ, სააკაშვილის და ბოკერიას პარტიებს ერთად! აი, ამით ხართ გაცოფებულნი! და ამ ფაქტს ვერ უარყოფთ! და მეორე: გაცოფებულნი ხართ ორივე – სააკაშვილიც და ბოკერიაც, რომ ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში მე და გიორგი ლომია, რომ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში – ილორის ღვთისმშობლის ხატი! გაცოფებულნი ხართ იმით, რომ ქვეყანაში სიკეთის ნაპერწკალი ღვივდება და თქვენი ბოროტი გული შურით სკდება! იმედია, ყველა კითხვაზე გიპასუხეთ. აფხაზეთზე ზეგ ვილაპარაკებთ! ხვალ გლოვის დღეა საქართველოში, აფხაზეთზე – ზეგ!” – განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით,  კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

იტვირთბა....