ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას განაახლებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას განაახლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოები, რაც ამ 300 000 ლარს მოითხოვდა, უკვე დაწყებულია.

მისივე თქმით, თავდაპირველად პაციენტების მიღება აღდგება იმ კორპუსში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი.

“სამ კორპუსში უნდა ჩატარდეს ასეთი სამუშაოები და ამას, ალბათ, დასჭირდება სამი-ოთხი დღე. სადღაც მეხუთე-მეექვსე დღეს პაციენტების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება.

დანარჩენ კორპუსებში, ჟანგბადთან ერთად აღსადგენია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ვენტილაცია, იქ დამიწებაა გასაკეთებელი და ზოგიერთ პალატაში კიდევ რემონტია ჩასატარებელი. ეს ყველაფერი ეტაპობრივად იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, ალბათ, მაქსიმუმ სამი კვირის ხანგრძლივობა დაგვჭირდება,”- განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ,  ინფექციურმა საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას დასახელდა.  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კიგანაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძეს პროგრამის დატოვებაზე სოციალური სააგენტოსთვის წერილით არ მიუმართავს. აღნიშნული ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად უარყო.

ამასთან, როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....