ხევსურეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაჩეხილ მიკროავტობუსში სკამები ჩამატებული იყო.
ამის შესახებ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში ფოტომასალას აქვეყნებს და წერს:
“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი!
მიკროავტობუსი ინსპექტირებაზე გამოცხადდა 2020 წლის 13 იანვარს, ინსპექტირების გავლა უწევდა 13 ივლისს და როგორც უკვე იცით არ გამოცხადდა. 13 იანვრის ფოტოზე თქვენ ხედავთ ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსის სავარძლების რაოდენობას ინსპექტირების დროს, რომლის ქარხნული სტანდარტია 15+1 დასაჯდომი ადგილი. აქ ჩანს 13 ადგილი, ამას ემატება წინა 3 სამი ადგილიც, სულ 16. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაშია! ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?
გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, მიკროავტობუსები ინსპექტირების გავლის მიზნით, ხსნიან მანამდე კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს და ინსპექტირების გავლის შემდეგ ისევ ამატებენ სკამებს, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრების სიცოცხლეს! ამას აკეთებს მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! სად არის ამ დროს სახელმწიფო?
ეს იცის ყველამ! პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა. ეს კარგად მოეხსენებათ მათ, ვინც კანონებს წერს და ვისი პასუხისმგებლობაცაა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა. ეს იციან პოლიციაშიც! ეს იციან მათაც, ვისი კომპეტენციაცაა ევროდირექტივების დანერგვა! ეს იციან ავტოსადგურებმა და მათმა ზედამხედველმა სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროდან. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა ხდება სატვირთო და არა სამგზავრო მიკროავტუბუსებით!”, – წერს მესხიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.