ნატოს ყოფილი მთავარსარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ალიასში გაწევრიანება რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მისი მოქმედების ბაზისი არ იქნება. ადმირალის ეს განცხადება ნიშნავს, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, ნატოს წესდების მე-5 პუნქტი, რაც წევრი ქვეყნის დასახმარებლად შეიარაღებულ მოქმედებებს გულისხმობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება. რა იკითხება უფრო ზუსტად ადმირალის განცხადებაში და ნიშნავს თუ არა ეს საქართველოსთვის ნატოს წევრობა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, “მეტრონომმა” ამ კითხვებით კონფლიქტოლოგს პაატა ზაქარეიშვილს მიმართა.
ზაქარეიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს მე-5 პუნქტის გაუვრცელებლობით საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მიესალმება და ალიანსში შესვლას ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც კონფლიქტოლოგი ირწმუნება, ნატოში გაწევრიანებით საქართველო არათუ დაკარგავს ტერიტორიებს, პირიქით, ალიანსის წევრობა ქვეყანას კონფლიქტების მოგვარებაში უფრო დაეხმარება. ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს არც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ნატო კონფლიქტეის მოგვარებას თავის თავზე აიღებს.
“ეს განცხადება გულისხმობს იმას, რომ ნატოს არ ექნება ვალდებულება, კონფლიქტის მოგვარება თავის თავზე აიღოს. ეს პოზიცია ძალიან კეთილშობილურია ნატოს მხრიდან და გვეხმარება, ამ სიტუაციიდან როგორმე გამოვიდეთ. თუ საქართველოს აქვს იმედი, რომ ნატოში გაწევრიანების შემდეგ მასზე გადავა კონფლიქტების მოგვარება, მაშინ ჩვენ ნატოში არასდროს გავწევრიანდებით. საქართველო ნატოში გაწევრიანებით უფრო სანდო, საინტერესო იქნება რუსული მხარისთვის, ვიდრე ასე, ჰაერზე გამოკიდებული სახელმწიფო,”- აცხადებს ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი დემაგოგიას უწოდებს დამოკიდებულებას, რომ ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ტერიტორიებს დაკარგავს.
“ეს ცოტა არ იყოს, დემაგოგიაა, რომ ვითომ ჩვენ გვაიძულებენ უარი ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, ეს ნატოში გაწევრიანებაზე არანაირ კავშირშია. საქართველომ ცალსახად უნდა დააფიქსიროს, რომ მეხუთე პარაგრაფის ამუშავება ვერ მოხდება წარსულში განხორციელებულ და დღეს მოუგვარებელ კონფლიქტებში.
გაწევრიანების შემდეგ სხვა რეალობა იქმნება. უკვე რუსეთიც ცალსახად ვეღარ მართავს სიტუაციას მთელს კავკასიაში. საქართველო ნატოში არ ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ეს იმას ნიშნავს, რომ კავკასია მხოლოდ რუსეთის მფლობელობაში აღარ იქნება და ნატოს ნაწილიც გაჩნდება. თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოც თუ ნატოს წევრი იქნება, ამას ემბემა აზერბაიჯანის კონტექსტი, რომელიც თურქეთის მოკავშირეა და ჩვენი სტრატეგიული მეგობარია. სულ სხვა რეალობა იქნება და აფზახურ და ოსურ საზოგადოებას მოუწევს ამ სულ სხვა რეალობას ანგარიში გაუწიოს. დღემდე გრძნობენ, რომ რუსეთი აკონტროლებს სიტუაციას და როცა უკვე ნატო იქნება, რუსეთი ასე ცალსახა მმართველი ძალა ვერ იქნება,. დღეს საქართველო არაფერია, უპატრონო სახელმწიფოა და ნატოში წევრობით ახალი რეალობა იქმნება,” – აცხადებს კონფლიქტოლოგი.
კითხვაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებით ე.წ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი უფრო მეტად ხომ არ გახდება გაყინული კონფლიქტი, ზაქარეიშვილი ამ მოსაზრებას გამორიცხავს.
“გაწევრიანებით ეს კონფლიქტი კი არ გაიყინება, გალღვება. შესაძლოა, მერე სხვა კონტექსტში ხელახლა გაიყინოს, მაგრამ ნატოში გაწვრიანება ამ კონფლიქტებს აუცილებლად გაალღვობს და ახალ რეალობას შემოიტანს,” – აცხადებს ზაქარეიშვილი.
ამასთან, კონფლიქტოლოგის მოსაზრებით, ალიანში გაწევრიანებაზე ადმირალის განცხადება ეს არა რიგითი განცხადებაა, არამედ თავად ნატოს ხელმძღვანელობის მესიჯია.
“ნატოს პოლიტიკაში კარგად გაცნობიერებული ადამიანები ამბობდნენ იმას, რასაც შიგნით ლაპარაკობენ. ამას ნატოს პირველი პირი ვერასდროს იტყვის, მაგრამ უკვე წამოსული გენერლები, წამოსული პოლიტიკოსები გვეუბნებიან იმას, ნატოში შიგნით რა განწყობცაა ჩვენ თუ იმაზე მეტი გვინდა, რასაც გვთავაზობენ, ეს უკვე ქართველების პრობლემაა. ჩვენ თუ იმაზე მეტი გვინდა, ვიდრე გვთავაზობენ, ამიტიმ ვერც იმას ვღებულობთ, რაც შეიძლება ვქონდეს. ეს ძალიან ცუდია, ამგვარი დამოკიდებულება. გაძლევენ 10-ს? არა, 100 გინდა და ბოლოს 1-საც ვერ ღებულობ,”- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
კონფლიქტოლოგი იმედოვნებს, რომ ქართულ საზოგადოებაში ნატოში გაწევრიანებაზე საერთო კონსესუსი არსებობს, ვინაიდან ეს რუსეთის მმართველობის ძალებს შეასუსტებს.
თათია შაიშმელაშვილი