მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა, ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ ძალაში კვლავ პატიმრობა დარჩენილიყო.
,,დღევანდელ სასამართლო სხდომაზე 11-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დარჩა. ბრალდების მხარემ დაასაბუთა ის გარემოება, რომ ყველა მათგანის მიმართ კვლავ ძალაში უნდა დარჩენილიყო აღკვეთის ღონისძიება. ადვოკატებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიციები ახლად გამოვლენილი გარემოებიდან გამომდინარე არ იყო გაკეთებული. იგივეს აცხადებდნენ რასაც წინა პროცესებზე აცხადებდნენ. შესაბამისად, სასამართლომ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება,” – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში,19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი გაიმართა.. მოსამართლემ 11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა, თუმცა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.