მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ იგი რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ძალა ერთობაშიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ჩვენ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ ჩამოვაყალიბეთ. გასულ კვირაში შეხვედრებს ვმართავდი ოპოზიციურ პარტიებთან. თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ძალა ერთობაშიას“. საუბარი მიდის იმაზე, რომ საერთო კანდიდატი ვიყო და სხვა პარტიებმა კონკურენტები არ დამიყენონ, რომ „ოცნების“ კანდიდატი პირველსავე ტურში დავამარცხო.
შეხვედრა მქონდა დაახლოებით შვიდ პარტიასთან. მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ვიქნები დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში პარტია „პროგრესი და თავისუფლებისგან“ და აგრეთვე, ვიქნები ამ პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
მისივე თქმით, იგი პასუხებს ელოდება და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები გრძელდება.