ინტერვიუ

„მარგველაშვილს სიურპრიზები უყვარს და თავის სვლებს ბოლო მომენტამდე ინახავს“ 

 

ინტერვიუ GIPA-ს  საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან, თორნიკე შარაშენიძესთან

სარჩელი რუსთავი ორის წინააღმდეგ და აქციები ტელეკომპანიის დასაცავად, წამების ახალი კადრების ინტერნეტით გავრცელება და ნაციონალური მოძრაობის ოფისების სინქრონული დარბევა, საქართველოში გაზპრომის შემოსვლასთან ატეხილი აჟიოტაჟი და პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია – ამ და ბოლო დღეების სხვა მნიშვნელოვან ამბებზე „მეტრონომ.ჯი“ GIPA-ს  საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიურს ხელმძღვანელს, ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:

მეტრონომი: იძლევა თუ  არა რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ხელისუფლება დათმობაზე წავა და დააკმაყოფილებს ტელეკომპანიის შუამდგომლობას მოსამართლის აცილების შესახებ? და საერთოდ, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

თორნიკე შარაშენიძე: მე მგონი, ხელისუფლება კიდევ ერთხელ მაინც ცდის, მოსინჯოს ძალა; ორშაბათს ნახავს,  შეიკრიბება თუ არა ხალხი ისევ რუსთავი ორის მხარდასაჭერად, ნახავს გააკეთებს კიდევ ერთ განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ალბათ მერე შესაბამისად იმოქმედებს.

მ: თუ მეორე ცდაც წარუმატებლად დამთავრდა?

თ.შ: ალბათ ისევ გადაავადებენ და არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ საბოლოო ჯამში აცილება გააკეთოს. გულწრფელად გითხრათ, მოსამართლე ძალიან მეცოდება, ძალიან მძიმე დღეშია.

მ: ექსპერტები ვარაუდობენ,რომ თიბილოვის განცხადება რეფერენდუმის შესახებ რუსეთის რეაქციაა ჰააგის ტრიბუნალის გააქტიურებაზე. ხომ არ არის ეს აგრეთვე რეაქცია საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე – ვგულისხმობ ენ-დი-აის კვლევებს და მმართველი პარტიის რეიტინგის დაცემას?

თ.შ: ჩემი აზრით, თიბილოვის განცხადება უბრალოდ რუსეთის ყურადღების მიპყრობის მცდელობაა. რუსეთი ახლა მთლიანად სირიაზეა გადართული და ჰააგა ალბათ ნაკლებად აინტერესებს, მითუმეტეს, რომ ის ( რუსეთი) ჰააგის სასამართლოს ნაკლებად ემორჩილება. თიბილოვის განცხადება მოსკოვის ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, იმიტომ რომ ბოლო დროს ცხინვალს, ისევე როგორც სოხუმს, დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რადგანაც რუსეთში ეკონომიკური კრიზისია.

როგორც ჩანს, ახლა, ფული რომ დააკლდა, ეხვეწება, მიგვიღეთ თქვენს ტერიტორიაზე, თქვენს შემადგენლობაშიო, იმედი აქვს, ამით მეტი ფული ექნება. ცხინვალს უკვე ორჯერ აქვს ჩატარებული რეფერენდუმი რუსეთთან გასაერთიანებლად და რუსეთს თუ მოუნდება, ერთ-ერთ რეფერენდუმს მარტივად გამოიყენებს და იტყვის, რომ ხალხის ნება აღასრულა. მესამე რეფერენდუმი არაფერში სჭირდება.

მ: მოცემულ რეალობაში, შეიძლება თუ არა პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება მოსამართლეზე ზეწოლად შეფასდეს? და თუ იქნებოდა ამგვარი განცხადება ზეწოლა,რომ არ იყოს ეჭვი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია?

თ.შ: მოსამართლე მიკერძოებული და დისკრედიტირებული რომ არ იყოს, მარგველაშვილი ამ განცხადებას ალბათ არც გააკეთებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. თუ გახსოვთ, მარგველაშვილის დაახლოებით ორი კვირის წინანდელი გამოსვლა ტელევიზიით – მან თქვა,  რომ ჩვენ ახლა უფრო კარგი სასამართლო გვყავს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს და რაღაც პროცესები მაინც მიდის – რაც პრინციპში მართალია. მაგრამ, როცა გაჩნდა საფრთხე, რომ მოსამართლეს შესაძლოა აღსრულების ბრძანება გაეცა ყოველგვარი გასაჩივრების უფლების გარეშე, მერე გააკეთა ეს განცხადება, რუსთავი 2 იმ დღესვე რომ არ გადაეცათ ხალვაშისთვის და გასაჩივრების უფლება მაინც დაეტოვებინათ.

მ: ამ დღეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ მთელ ამ ამბავში ოპტიმიზმის საფუძველს ის მაინც იძლევა, რომ ხელისუფლებას ურთმელიძის იქით გზა არ აქვს და მოსამართლის შეცვლა მის ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.

თ.შ: ხელისუფლებამ თავი უკვე სერიოზულად დაიზიანა და მოსამართლე რომც გამოცვალოს, მაინც დაზიანებული დარჩება; ეს ფაქტია, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ მის ინტერესებშია, არსებობდეს ტელევიზია, რომელიც მას აკრიტიკებს. თუ ყველა ტელევიზიას დაახშობს და საქართველოს მედიასივრცეს ერთ დიდ „ვრემია“-დ აქცევს, მაშინ კიდევ უფრო დიდ სისულელეს ჩაიდენს და კიდევ უფრო მძიმედ დაამთავრებს. ამ ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ ჩვეულებრივად, არჩეევნებით, მშვიდად წააგოს, ან არჩევნებში რაღაც ხმები მოიპოვოს და კოალიციური მთავრობა შექმნას. ან კიდევ (ამის თეორიული შანსი მაინც არსებობს, თუმცა მე ამის არ მჯერა) გამოასწოროს მუშაობა, შეასრულოს დაპირებების ნაწილი მაინც და მერე არჩევნები მშვიდი სინდისით მოიგოს. მგონი ასე ჯობია, ვიდრე ის, რომ რუსთავი ორი დახუროს და თქვას, ყველაფერი კარგადაა და უბრალოდ პიარი არ გვივარგა, ან ქვეყანა აყვავებულია და უბრალოდ ხალხი ამას ვერ ხედავს, იმიტომ რომ პიარია გამოსასწორებელი და დანარჩენი ყველაფერი კარგად არისო.

მ: რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა  “გაზპრომის” საკითხი მეორე პლანზე გადაწია. ხომ არ ასხამს ეს წყალს ხელისუფლების წისქვილზე?

თ.შ: არა. კალაძე შეიძლება გაიქცეს და “გაზპრომს” რაღაცაზე მოუწეროს ხელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მათვე შემოუტრიალდებათ ცუდად, იმიტომ რომ “გაზპრომით”  “სოკარს” მთლიანად მაინც ვერ ჩაანაცვლებენ. “გაზპრომის” შემოყვანით თავიანთ მდგომარეობას კიდევ უფრო დაიმძიმებენ. რაც არ უნდა მოინდომონ, “გაზპრომი” მათთვისაც არ არის კარგი. ფაქტის წინაშე რომ დადგებიან, მერე შეიძლება უკვე გვიანი იყოს მათთვის. “სოკარი” ძალიან ჭკვიანურად იქცევა, როცა ამბობს, რომ საქართველოს გაზის მოწოდებას არავითარ შემთხვევაში არ შეუწყვეტს და რამდენიც უნდა, იმდენ გაზს მიაწვდის. აზერბაიჯანი ხვდება, რომ ამ ხელისუფლების ზოგიერთი წევრის გამოხდომის გამო, ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს. ამიტომაც ითმენს ამ ყველაფერს. ასე რომ, ამით ქვეყნის კი არა, უფრო ამ ხელისუფლების საქმე გაფუჭდება. საბოლოო ჯამში მათთვისვე იქნება ცუდი.

მ: წამების კადრების ისევ გავრცელება, ნაციონალური მოძრაობის თითქმის ყველა ოფისზე ერთდროულად თავდასხმა, გადაცემების დახურვა, რუსთავი ორის სასამართლო პროცესი – ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ეს მოვლენები ხელისუფლების მიერ არჩევნების წინ დაწყებული ერთი კამპანიის ნაწილს ჰგავს?

თ.შ: კადრები რომ ხელისუფლების გავრცელებულია, ამაში ეჭვი მგონი არავის ეპარება. თვითონვე უწყობენ ხელს, რომ ეს კადრები ქუჩაში გაუშვან და აბა, ვისი გავრცელებული უნდა იყოს? სამწუხაროა, საარჩევნო კამპანიისთვის მეტი თუ არაფერი აქვთ გამოსატანი, გარდა იმისა, ნაციონალები რა ცუდები იყვნენ და ვიღაცა გააუპატიურეს. ეს ხომ იმაზე მიუთითებს, რომ შექმნით ვერაფერს ქმნიან და მათი ერთადერთი პლუსი ხალხის დაშინებაა – აი, უყურეთ, ისინი მოვლენ და გაგაუპატიურებენო.

მ: კადრების გავრცელება და ჩვენება საპირისპირო, ხელისუფლებისთვის ნეგატიურ შედეგს ხომ არ გამოიწვევს?

თ.შ: ოდესღაც ალბათ გამოიწვევს. ყველაფერს საზღვარი აქვს – რამდენი უნდა აჩვენო ეს კაცების გაუპატიურება და იძახო, აი, იცით მოვლენ და გაგაუპატიურებენ.

მ: ამ ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფების და ფიგურების გადანაწილებიდან გამომდინარე, ხომ არ უნდა ველოდოთ ქართულ პოლიტიკაში ახალ, გაცილებით გაწონასწორებულ პოლიტიკურ გაერთიანებას თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელებისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ალიანსის სახით?

თ.შ: სანამ ამ ვადით არის არამგონია მარგველაშვილმა პოლიტიკური გუნდი შექმნას, რადგან თავისი მიუკერძოებლობის იმიჯს უფრთხილდება. მე ვფიქრობ, მისი მხრიდან უფრო ჭკვიანური იქნება სპეციალისტების, პოლიტოლოგების, ინტელექტუალების ჯგუფის შექმნა, რომელიც მასთან იქნება ასოცირებული. მერე, ოდესღაც უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, რომ პარტია დააარსოს ამ ხალხზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურ პარტიას არ შექმნის, სანამ ამ ვადით არის პრეზიდენტი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის გარშემო ინტელექტუალთა ჯგუფი შემოიკრიბოს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილს უკვე 13 წელია ვიცნობ, მხოლოდ ერთი რამე მინდა გითხრათ, დაზუსტებით – ამ კაცს სიურპრიზები უყვარს, თავის სვლებს წინასწარ არასოდეს ამჟღავნებს და ბოლო მომენტამდე ინახავს. ასე რომ, არ ვიცი ვერ გეტყვით – მისი გეგმები ძალიან ცოტამ თუ იცის.

 

იტვირთბა....