23 წლის პროგრამისტის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილს ოთხი სახეობის მედიკამენტი აქვს მიღებული, საიდანაც ერთი ქართულ ბაზარზე არ იყიდება.
დასკვნა “მთავარმა არხმა” გაასაჯაროვა, სადაც ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება
„დასკვნაში წერია, რომ სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ ფიქსირდება, თუმცა ამოვიდა გარკვეული მედიკამენტების კვალი. უფრო კონკრეტულად კი ესენია წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა.
შუალედურ დასკვნაში მედიკამენტების დოზა მითითებული არ არის და ის სავარაუდოდ, დოკუმენტის საბოლოო პასუხში ჩაიწერება, თუმცა დასახელებულია 4 სახეობის პრეპარატი, მათ შორის ერთი ქართულ სააფთიაქო ქსელში არ იყიდება.
შუალედური დასკვნის მიხედვით, ცხედრიდან ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული,“ – ნათქვამია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის შუალედურ დასკვნასასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ გაუცემელია.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.