ახალი ამბები

საგარეჯოში პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

შსს-მ საგარეჯოში პირი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. მეტრონომ ჯი უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლას აწარმოებდნენ, გიორგი ფ-ს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა გიორგი ფ. განაიარაღეს და ადგილზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „აკაეს“ – ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 71 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გიორგი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 1 მჭიდი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და პოლიციის მუშაკის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).- ნათქვამია განცხადებაში.

 

იტვირთბა....