მას შემდეგ რაც მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ცუდად გახდომის გამო განხილვა გადაიდო, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა. დავით ყაზარაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროცესზე დასწრების შესაძლებლობას იძლეოდა, მან დარბაზი დატოვა.
“დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავდა მოწმეების გამოკითხვას. ისინი გამოცხადებულნი იყვნენ სასამართლოს შენობაში, თუმცა ბრალდებულმა ზ.ხ.-მ განაცხადა, რომ იყო შეუძლოდ. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც შეამოწმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი და ამავდროულად, მოუწოდა თავის ადვოკატს და კანონიერ წარმომადგენელს, რომ დაეტოვებინათ სასამართლო პროცესი და მის გარეშე არ გაეგრძელებინათ,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
პროკურორი დაკავებულის ქმედებას მიზანმიმართულს უწოდებს და აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, რის გამოც არასრულწლოვანს სასამართლოს მხრიდან საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
„დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე.”- განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის საჭიროება მას სემდეგ დადგა, როცა სხდომაზე დაკავებული არასწრულწლოვნის, ზ.ხ.-ც შეუძლოდ გახდა.
შაქარაშვილის საქმეზე დღეს 6 მოწმე უნდა დაეკითხათ, მათ შორის 3 “ნახალოვკელების” მხრიდააა. მოწმეებს უნდა ესაუბრათ, თუ რა მოტივი გააჩნდათ „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებს და რატომ დაესხნენ ისინი არაგვის ხიდთან მიმავალ ახალგაზრდებს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე დაკავებულები პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ და მათი ნაწილი სიმართლის დადგენის მიზნით, სიცრუის დეტექოტზე შემოწმებას ითხოვენ.