რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებული „ბულინგის“ შემდეგ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთზე ფილმის გადაღებისთვის მოთხოვნილ თანხაზე უარი უთხრა და პროექტის შეჩერებაზე გასცა განკარგულება. მისი თქმით, პროექტი აფხაზეთზე რამდენიმე სერიის გადაღებას გულისხმობდა და ერქვა „სიმართლე აფხაზეთის შესახებ“. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ხაინდრავა ამბობს, პროექტის განხორციელებაში როგორ ქართული, ისე აფხაზური მხარე უნდა ჩართულიყო, თუმცა ამ მონაწილეებზე არაფერს იტყვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო. მისი განცხადებით, მან აფხაზეთის მთავრობას პროექტის საერთო ღირებულების მხოლოდ 1/3 მოსთხოვა და 2/ 3-ის დაფინანსებას თავად გეგმავდნენ.
„იმ ბულინგის შედეგად, რომელიც განხორციელდა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა, აბაშიძემ დაიბარა კულტურის მინისტრი, ნიჟარაძე და განკარგულება გასცეს, რომ პროექტი შეჩერდეს.
აბსოლუტური სიცრუეა, რომ 100 ათასი გამომიყვეს. არანაიარი ასი ათასი ჩვენ არ აგვიღია. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კულტურის სამსახურს აქვს სპეციალური პროგრამა. შევიტანეთ განაცხადი ციკლზე „სიმართლე აფხაზეთის შესახებ“. შევიტანეთ სცენარი და დაახლოებით ის ბიუჯეტი, რაც შეიძლება რომ დაჯდეს. პირველი ფილმი უნდა ყოფილიყო მუჰაჯირებზე. მოთხოვნილი თანხა არის მთლიანი პროექტის 1/3 და ამ ბიუჯეტიდან 2/3-ს ვიღებდით ჩვენ თავზე“ – განაცხადა ხაინდრავამ.
ცნობისათვის, „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც აფხაზეთის კულტურის მინისტრის ბრძანებაზე დაყრდნობით მომზადდა. ბრძანების თანახმად, გოგა ხაინდრავას კომპანიის – „ღვინო და კინოს“ მიერ გადასაღები ფილმის, „სიმართლე აფხაზეთზე“ ხარჯისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული.