ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

ქართველ ჩოგბუთელს,  ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც გამოძიება ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო ედავება, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას”, სპორტსმენის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა PHR-ის მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

მისივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

“ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ბრალდება ნიკოლოზ ბასილაშვილს  ედავება ნელი დოროყაშვილის მიმართ გენდერული ნიშნით სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ოთხ ეპიზოდზე და სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას,”- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა,  ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....