ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა. ამ ეტაპზე კი, 3 შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადვოკატმა გააჟღერა. ბრალდებული არასრულწლოვნების – ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება.

19 წლის ფეხბურთელის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ ეთანხმება  ბრალდებული არასრულწლოვნების მოთხოვნას, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. როგორც პროკურორი ამბობს, მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და ამ ეტაპზე, საქმის მიმდინარეობის პროცესში აღნიშნულის საჭიროება არ დგას.

აქვე გეტყვით, რომ არასრულწლოვნი ზ.ხ.-ს მამამ პროკურატურასთან შიმშილობა ორი დღის წინ დაიწყო. თამაზ ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის გარდა, იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ხომასურიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.

უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.

გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

იტვირთბა....