შალვა შავგულიძე, რომელმაც “თავისუფალი დემოკრატები”დატოვა, პარტიიდან წამოსვლის გარკვეულ მიზეზებსა და პოლიტიკურ გეგმებზე “მეტრონომთან” საუბრობს. აქვე გეტვით, რომ როგორც შალვა შავგულიძე, ასევე ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე და გიორგი ქიტიაშვილი ”ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიაში იქნებიან. შავგულიძის განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატებში” ადგილი ჰქონდა გარკვეულ უთანხმოებას, რაც ასევე საარჩევნო სიასაც უკავშირდება.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დღესაც ცდილობს “თავისუფალი დემოკრატების” რიგების შერყევას, როგორც ეს თავის დროზე, 2014 წელსა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოხდა. ამასთან, შავგულიძე ერთ მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს, – ახლახანს, “თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრი, ექიმი დევი ტაბიძე, რომელიც ამავდროულად პარტიის საგარეო მდივანია, ესწრებოდა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საზეიმო ღონისძიებას.
დარჩება თუ არა შალვა შავგულიძე მთაწმინდა-კრწანისის საერთო მაჟორიტარად? – “თავისუფალი დემოკრატების” აწ უკვე ყოფილმა წევრმა “მეტრონომს” განუცხადა, რომ ეს საერთო კონსენსუსით უნდა იქნას გადაწყვეტილი. მისი თქმით, თუკი კვლავ მის კანდიდატურაზე შეჯერდებიან, ის იბრძოლებს ამ ოლქში.
“ამ გადაწყვეტილებას იღებს საერთო ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიკრიბებოდით “ლეიბორისტების” ოფისში და ვფიქრობ, ეს იქნება იქ გადასაწყვეტი. თუ მე ვისარგებლებ მათი ერთობლივი მხარდაჭერით, გავაგრძელებ ბრძოლას, ოღონდ პარტიული კუთვნილების გარეშე მთაწმინდა-კრწანისის მხაჟორიტარად. ჩვენ “ევროპული საქართველოსაგან” გვაქვს უპირობო შემოთავაზება, რომ იგივე პირობების დაცვით, რაზეც შეთანხმებული ვიყავით ჩვენ ორ პარტიას შორის საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, იგივე პირობებზე ინდივიდუალურად მივიღოთ პროპორციული სიით არჩევნებში მონაწილეობა. “ევროპული საქართველო” აღარ აგრძელებს პარტია “თავისუფალ დემოკრატებთან” პარტნიორობას და იმ ადამიანებთან, ვინც იმ პარტიაში დარჩნენ. “ევროპული საქართველო” აგრძელებს პარტნიორობას ინდივიდუალურად ჩვენთან იგივე პირობებით…” – განაცხადა მან.
შავგულიძე პარტია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვების შესახებ გარკვეულ განმარტებას “მეტრონომთან” აკეთებს:
“გამოიკვეთა პარტიის გამგეობაში ოთხი წევრისგან შემდგარი უმრავლესობა, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი ჩართულობა პარტია “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურ საქმიანობაში არ განუხორციელებიათ. თითქმის შეთანხმებული ვიყავით და სრულიად მოულოდნელად, ამ ოთხი წევრისგან შემდგარმა უმრავლესობამ, დაახლოებით ერთი თვის წინ, დააყენა საკითხი, რომ საარჩევნო სიაში ჩვენთან მეორე ნომრად წარმოდგენილი ყოფილიყო 2016 წელს შემომატებული წევრი, ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო მაშინ, ვახტანგ მჭედლიძე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირს არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია პარტიასთან, წინააღმდეგი წავედი და ვთქვი, რომ არ შეიძლება ასეთი ადამიანი დასახელდეს პარტიულ სიაში. ოთხწევრიანი უმრავლეოსობა მაინც თავის პოზიციაზე დარჩა და ეს ჩემგან აღქმულ იქნა ძალიან უსამართლოდ. ამან გააჩინა გარკვეული უნდობლობა.
ამას სხვა გარემოებები დაემატა; ერთ-ერთი იყო ის, რომ ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის საზეიმო პროცედურაზე, ჩვენთვის ტელევიზიით გახდა ცნობილი, რომ მხარდამჭრის სტატუსით ესწრებოდა ჩვენი გამგეობის წევრი ექიმი დევი ტაბიძე, რომელიც იმავდროულად “თავისუფალი დემოკრატების” საგარეო მდივანია.
ჩვენ გვიკავშირდებიან რეალურად მოქმედი და აქტიური რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ შესაძლოა მათაც დატოვონ პარტიის რიგები.
“თავისუფალი დემოკრატების” რიგების შერყევა “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა 2014 წლის შემოდგომაზე და შემდომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ჩვენი პარტიის ლიდერთა დიდმა ნაწილმა დატოვა “თავისუფალი დემოკრატები”და აღმოჩნდნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე. იგივე სიმპტომები იგრძნობა ახლა, 2020 წლის არჩევნების დროს. მოხარული ვიქნები თუ ჩემი შიში არ გამართლდება” – განაცხადა შალვა შავგულიძემ “მტრონომთან.”
ცნობისათვის, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა “თავისუფალი დემოკრატები” დატოვეს. ისინი”ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიაში იქნებიან. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.
თამარ შუკვანი