“იწყება ხელის დაფარება თეთრიწყაროს პოლიციის მხრიდან. ასჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი ამას. უნდობლობა მქონდა ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ, ახლა ვენდობი ირაკლი შოთაძეს და ვნახოთ… ვითომ 4 დღე იყო მანქანა და ვერ ნახეს? ხედავთ რამდენი ხალხი დადის, გავჩერდეთ 2 საათი და ნახავთ რამდენი მანქანა გაივლის. ეჭვი იმ დღიდან გამიჩნდა, როდესაც ტერიტორია ვნახე, უბრალოდ აქამდე ხელს აფარებდნენ. აფციაურით დაწყებული ბაჭულაშვილით დამთავრებული, აქ დამთავრდა ყველაფერი, სინათლე რომ ჩაქრა სოფლებში, მაშინ მოიტანეს მანქანა.”
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის მამა
ამის შესახებ თეთრიწყაროს ტყეში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
თეთრიწყაროს ტყეში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ექსპერიმენტს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.