თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცავები საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებენ. ექსპერიმენტს ესწრებიან თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერიმენტი განხორციელდება 24 საათის განმავლობაში, რომლითაც საქმეზე არსებულ კითხებს პასუხი გაეცემა. ადვოკატი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ საუბრობს.
„ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით”, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.