ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება
„მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გამოიძიოთ ნიკა გვარამიას 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება და დასაჯოთ დამნაშავეები“ – მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ნიკა გვარამიას გუშინდელ გამოსვლაზე განცხადებას ავრცელებენ.
„2015 წლის 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებით. განსაკუთრებით საგანგაშოა ის, რომ ეს განცხადება ვრცელდება რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის ფონზე. ჩვენი აზრით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის თანამშრომლების, არამედ საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს მედიის შანტაჟი ამ უკიდურესად საშიში ფორმით, რადგანაც 2009 წელს თავადაც ვიწვნიეთ ის საკუთარ თავზე და ეს საქმე გამოუძიებელია როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში გამოიძიოთ ნიკა გვარამიას 21 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, დასაჯოთ დამნაშავეები და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოთ მედიასა და საზოგადოებას“ – ნათქვამია „ნეტგაზეთისა“ და გაზეთ „ბათუმელების“ ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის ეთერით ღიად განაცხადა ხელისუფლებისა მხრიდან შანტაჟისა და მუქარის შესახებ:
„დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც სამთავრობო მესიჯებს მაწვდის. საუბრის შინაარსი იყო შემდეგი: ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს. ამას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება. მოთხოვნა იყო, რომ გავწეულიყავი. მე ვთქვი, რომ არასდროს არ გავაკეთებ ამას. მითხრეს, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა. ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში,“ – თქვა გვარამიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში შეხვედრისას.
მოგვიანებით, იმავე დღეს კურიერის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და იმავე საღამოს ჩვენების მიცემა შესთავაზეს. ამ წინადადებაზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უარი განაცხადა, ვიდრე უწყებას არ მიიღებდა. ნიკა გვარამია პროკურატურაში მეორე დღეს მისვლას დათანხმდა.
რუსთავი ორის გენერალური დირექტორის განცხადებას უამრავი კომენტარი მოჰყვა როგორც სამთავრობო გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების, ჟურნალისტების და სხვა საჯარო პირების მხრიდან. მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გვარამიას განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა:
“მე ვიცი, რომ გუშინვე დაიწყო ამ საქმის შესწავლა და გამოძიება, ეს ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას, თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ ეს საქმე, ბოლომდე გამოიძიონ. ამ ადამიანს თუ ვინმე რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ჩვენც ვიცოდეთ, თუმცა მე ვერ შევატყვე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას რაიმე დასამალი აქვს”- თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
კომენტარი ფეისბუქით გააკეთა ქიბარ ხალვაშმაც: “ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს: მწამებელიც, მძარცველიც, მკვლელიც , გამომძალველიც და ისინი ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს გამოძიება გვარამიას განცხადების საფუძველზე”, – წერს ხალვაში ფეისბუქზე.
ნიკა გვარამიას დაშანტაჟების და მუქარის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ სკეპტიკურად უყურებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:
„არ მაქვს მოლოდინი, რომ საქმე გამოძიებული იქნება. რაც გუშინ ვიღაც ერთი ადამიანის პირით გადასცეს ნიკა გვარამიას, ეს არის ხელისუფლების გზავნილი. ბუნებრივია, ხელისუფლება არასოდეს აღიარებს, რომ ის ამ პროცესების მონაწილეა. ამიტომ საუკეთესო შემთხვევაში, ხელისუფლება იტყვის, რომ კერძო პირის ინიციატივა იყო ასეთი გზავნილის მიტანა, ჩვენ მასთან საქმე არ გვაქვს და შეიძლება ერთი კონკრეტული ადამიანი დაისაჯოს. ეს არის ის, რაც ამ საქმიდან საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გამოვიდეს. სხვა არაფრის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ არანაირი საბაბი არ გამაჩნია, ამას უფრო ოპტიმისტურად ვუყურებდე“ – თქვა ნინია კაკაბაძემ რუსთავი ორის კორესპონდენტთან ინტერვიუში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი კი ფიქრობს, რომ ამ საქმის გამოძიების გასაღები თავად ნიკა გვარამიას ხელშია. მისი თქმით, მან თუ მოინდომა თანამშრომლობა პროკურასთან სიმართლის დადგენა ძალიან მარტივი საქმეა.