პოლიტიკა

„მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში“

პრეზიდენტმა რუსთავი ორის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადება გააკეთა

„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის და დაპირისპირების წინაპირობები. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელლმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მივუწოდებ ყველაა, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს – არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი – კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ გააკეთა. თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მათ (ნაციონალური მოძრაობა) მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ 3 წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში“.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ეს განცხადება რუსთავი ორის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. ამჟამად “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს, ჯიქიას ქუჩაზე კი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან, “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები, რიგითი მოქალაქეები, ასევე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილები. პერიმეტრზე დამონტაჟებულია დიდი მონიტორი, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს საშუალება აქვთ პირდაპირ ეთერში უყურონ “რუსთავი 2”-ს.  აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ პროცესები, რომელიც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ ხდება  აშკარა ჩარევაა კერძო კომპანიის საქმიანობაში.

 

იტვირთბა....