18 აგვისტოს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა. არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით მოსამართლეს აცნობა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ზ.ხ. ითხოვს სიცრუის დეტექტორით დაიკითხოს, მათთან ერთად, ვინც ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა.
“დღევანდელ პროცესზე ზ.ხ.-მ გამოაცხადა შიმშილობა და ამის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. პირველ რიგში ის ითხოვს სიცრუის დეტექტორზე როგორც მის დაკითხვას, ასევე ამირხანაშვილის ახვლედიანის და საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების, რომლებიც ცვლიან ჩვენებებს ყველა გამოკითხვაზე. ზ.ხ.-მ ასევე მოითხოვა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული მისგან ჩვენების იძულებით მიღების ფაქტი. მან ასევე დააყენა იმ პროკურორის აცილების საკითხი, რომელიც ესწრებოდა მის დაკიტხვას, სადაც ზ.ხ.-სგან ჩვენებას იღებდნენ იძულებით. ამ მოთხოვნებით ის აცხადებს შიმშილობას და ამის შესახებ მან მოსამართლეს აცნობა.
ბრალდების მხარემ წარმოადგინა დღეს შესავალი სიტყვა და გარკვეული მტკიცებულებების დაშვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობები. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია შესავალი სიტყვა. დამატებით მტკიცებულებებზე ჩვენი პოზიცია იყო უარი, ბრალდების მხარეს თავისუფლად შეეძლო გადმოცემული ყოფილიყო აღნიშნული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომამდე 5 დღით ადრე, თუმცა როგორც აღმოჩნდა გამომძიებელ თაკაშვილს გამორჩა ეს მტკიცებულებები, აი სულ ახლახანს გადასცა ბრალდების მხარეს და ბრალდების მხარემ ბრძანა, რომ ჩვენ სხვა მხარე ვართ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელი საერთოს სხვა მხარეა და ამიტომ ახლა წარმოვადგენთ ამ მტკიცებულებებსო. სამწუხაროდ, ამ მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეშვა ეს მტკიცებულებები” – განაცხადა გიორგი გელხაურმა.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას, მან ასევე აღნიშნა, რომ სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.