დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის წერილობით მიმართვას უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად შეხვედრის დაგეგმვას სთავაზობს.
“გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ, როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები. ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ”, -ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა და მოუწოდა, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად.