აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნა განხილვას არ ექვემდებარება, არსებობს საზღვრები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ერთ-ერთი უკრაინული ქვედანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელის მინიჭება.

კოსინიაკ-კამიშის თქმით, ბუდანოვს გადასცა პოლონეთის მკაფიო მოლოდინები და აღნიშნა, რომ ქვეყნები უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორები არიან, თუმცა ისტორიასთან დაკავშირებით ერთმანეთს სიმართლე უნდა უთხრან.

„მხოლოდ ასე შევძლებთ მომავლის აშენებას. ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნა განხილვას არ ექვემდებარება. არსებობს საზღვრები, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება“, – დაწერა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ უწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად“.

როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდნენ ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.

პოლონური მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.

იტვირთბა....