ახალი ამბები მთავარი სამართალი

“თამარს თავის მოკვლის მცდელობები ჰქონდა” – ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის შეცვლილი ჩვენებები

23 წლის დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ თამარის მეგობარმა დეა კაპანაძემ გამოძიებას 4 ჩვენება მისცა და ჩვენებები განსხვავებულია.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, კაპანაძემ ჩვენებაში დაწერა რომ სკოლის ასაკში რამდენჯერმე ჰქონდა ამდაგვარი ქმედება.

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს პირველ ჩვენებაში თვითმკვლელობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მომდევნო ჩვენებებს, სადაც უკვე სუიციდზე ჩნდება ჩანაწერი, დედა ვარაუდობს, რომ ეს გამოძიების ზეწოლის შედეგია.

თეონა თამაზაშვილი ასევე საუბრობს, დეას მიერ შეცვლილ კიდევ ერთ ჩვენებაზე:

დეას, რომ დავურეკე თამუნა შენთან ხომ არ არის მეთქი – არაო, თამუნამ ასე მითხრა, რომ ბევრი საქმე მაქვს და 2 დღე არ დამეკონტაქტოო და მერე ინტერვიუში ამბობს, რომ 10 დღეო – “თამუნა არ ეტყოდა ათი დღე არ მომწეროო, ყოველ დღე კონტაქტობდნენ.”

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....