სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების საჯარო გამოსვლებზე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.
“მეტრონომი” გიორგობიანის “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ:
„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა დააშინეს თამარ ბაჩალიაშვილის ჭირისუფლები „თვითმკვლელობამდე მიყვანას დაგაბრალებენო“ და ტრაგედიისგან ისედაც გონებადაბინდული ხალხი, კიდევ ათას სისულელეს როშავს… საკუთარი მიცვალებულის გაშავებასაც აღარ ერიდებიან და ლამის მიზანმიმართულ დამნაშავედაც აქციონ, ოღონდ მათგან გადავიდეს საეჭვო ისრები…
ასევეა ვირტუალური „შეყვარებული“ ბაჩანა, რომელთანაც, დარწმუნებული ვარ, ეპისტოლარულ ჟანრში გადატანილ ცხოვრებაში, არაერთხელ ექნებოდა თამართან გარჩეული სუიციდის თემაც… სადაც ბაჩანაც „გაშლიდა ფრთებს“, ჩაეხუტებოდა სიკვდილის ანგელოზებს და ზოგადად, სიკვდილ – სიცოცხლის მიჯნაზე სიარულს დაუკრავდა ტაშს, შეასხამდა ხოტბას (ყოველი შემთხვევისთვის, ასე ჩანს მისივე ახსნა – განმარტებებიდან) … ათასი სისულელე ექნებათ მიმოწერაში … რისიც ასევე ეშინია ამ გამოფალოსიფოსოებულ ბიჭუნას, არ ჩაუთვალონ სუიციდისკენ ბიძგში და ამიტომ არც ამან დააკლო ვერსიებად; ლესბოსელობა? ეჭვიანობა? პორნო? ამერიკელები? ავსტრიელები? მისი კომპიუტერი?…არადა, აშკარად წამოსცდა, რომ მოუსმენია თამარისგან სუიციდზე ლაპარაკიც (არაერთხელ), მის დაძაბულ ურთიერთობებზე ოჯახთანაც, ისიც, რომ ხშირად იყო უხასიათოდ, პრობლემებზეც და ა.შ… მოკლედ, ეს ტექსტიც მოსმენილი აქვს „თავის მოკვლას ვაპირებდიო“ და ხუმრობანარევი პასუხიც აქვს გაცემული თავად ბაჩანას … სწორედ ამიტომაც, ალბათ ურჩევნია, რომ მკვლელობა იყოს, რომ მთელი ცხოვრება არ ინერვიულოს თვითონ – იცოდა და ვერ გადაარჩინა…
იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს, რომ მკვლელობა იყო და არა თვითმკვლელობა, მაგრამ ამისთვის ნუ წაბილწეთ მიცვალებული, კარგით რა!… გინდაც მკვლელობა იყოს, გოგო უკვე დამნაშავედ გყავთ გამოყვანილი!… პატრონი, ჭკუის დამრიგებელი არავინ არის გვერდით, რომ გაგაჩუმონ?! ჩუმად გააგრძელეთ გამოძიებასთან მუშაობა და არავინ არაფერს წამოგაძახებთ… დაინდეთ ეს პატარა გოგო… ღმერთო, შეუნდე – წერს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.