თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ხვალ პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ, რომლებიც, მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ვიდეომასალა 12, 13, და 14 აგვისტოს თეთრიწყაროს მცხოვრებმა იმ ადგილას გადაიღო, სადაც ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მწყემსები პირუტყვთან ერთად არაერთხელ გადაადგილდებიან და გამორიცხულია გამოძიების ვერსია, რომ ავტომობილი იმ ადგილას ხუთი დღე იყო და მწყემსმა მხოლოდ ბოლო დღეს დაინახა.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეულ პროექტზე მუშაობისას, წააწყდა ფაილს, რომელშიც მოქმედი თანამდებობის პირების მაკომპრომატირებელი მასალები აღმოაჩინა და სწორედ ამის გამო მოეწყო მისი შვილის თვითმკვლელობის ინსცენირება.
გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს ხვალ შეხვდებიან.