“ჰკითხეთ დავით ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.
სესიაშვილი ამ განცხადებით ბაქრაძის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.
„გუშინ ბატონმა ბაქრაძემ ღალატს, ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რევოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი.
ჰკითხეთ ბაქრაძეს, რა კომპრომისს უწოდებს ადამიანების წამებას, ქონებების ჩამორთმევას, მედიის ფეხქვეშ გათელვას. ალბათ, აქაც აქვთ პასუხი, რომ ესეც გარკვეული კომპრომისი იყო. მათი კომპრომისის ადგილი მომავალში არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა.