დიდუბეში, ტრანსპორტის ქუჩის 2 ნომერში მიტოვებული საწყობი აფეთქდა, რის შედეგადაც საწყობის გვერდით მდებარე საცხობის თანამშრომლები დაშავდნენ. საცხობის მეპატრონის განცხადებით, ისინი საწყობიდან გაზის სუნს გრძნობდნენ და დახმარებისთვის ახლობელს მიმართეს, რომელმაც საწყობის კარი გააღო, რასაც აფეთქება მოჰყვა.
“თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საწყობში უყურადღებოდ იყო დატოვებული ბუნებრივი აირის ონკანი.
“პირველი დათვალიერებისას რაც ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდგომ აფეთქება. ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს ის არის, რომ აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით თვითნებურად, მთელი რიგი დარღვევებით, რამაც სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა” – განაცხადა “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა.
ცნობისათვის, აფეთქების შედეგად 68 წლის ქალი და 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. დაშავებულები საცხობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.