ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში” – პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთაში, სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურორის ინფორმაციით, საქმეში არის გური ამირხანაშვილის ახალი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ “ტოიოტა ქამრის” ავტომობილში ძალით ჩასვეს.

“რაც შეეხება ერთ-ერთი ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ ბრალდებულის ადვოკატებმა არ შეასრულეს საპროცესო ვალდებულება, არ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და უარი განაცხადეს მტკიცებულებების მიღებაზე, რომელიც სავალდებულო იყო, რომ მათთვის ბრალდების მხარეს გადაეცა. მტკიცებულება კი უამრავია. ამირხანაშვილი ჩვენებაში ამბობს, რომ იგი იძულებით ჩასვეს მანქანაში” – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

იტვირთბა....