ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

რა პრინციპით ივსება “ლელოს” რიგები” – “თუ ივანიშვილმა ვერაფერი გააკეთა, ხაზარაძემ რა უნდა გააკეთოს”

საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ცხელ ფაზაში შედის. გააქტიურდნენ პოლიტიკური პარტიები, ამა თუ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა დაიწყეს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. “ლელო საქართველოს”, რომელმაც ბოლო გამოკითხვით 2.2% მიიღო (რუსთავი 2-ის გამოკითხვით 5%) საკმაოდ ბევრი ცნობადი ფიგურა შეუერთდა და პრაქტიკულად “რეზინის პარტიის” როლი შეითავსა.

ამ ფაქტს “ლელოში” იმით ხსნიან, რომ კვლევა რამდენიმე თვისწინანდელია და დღევანდელი რეიტინგი გაცილებით მაღალია. პარტიის წარმომადგენლები “მეტრონომთან” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევას. “ლელოელების” თქმით, პარტიის წევრების თვითმიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა. მათი განცხადებით, “ლელოს” მაღალი რეიტინგის შემთხვევაში გაჩნდებოდა კითხვა, რატომ უერთდებიან პარტიას? – ასეთების თვითმიზანი, მსგავს შემთხვევაში, ალბათ პარლამენტში მოხვედრა ნამდვილად იქნებოდა და სულერთი გახდებოდა, რომელ პარტიის კუთვნილება იქნებოდნენ ისინი. ანუ, ასე ვთქვათ, დღეს დაბალი რეიტინგის ფონზე, ეს კითხვა არ ჩნდება, თანაც რეიტინგის გაზრდა არჩევნებამდე შესაძლებელია.

ჩამონათვალი იმ პირებისა, რომლებსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი და როლი უჭირავთ საზოგადოებასა და პოლიტიკაში: დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ლევან სამუშია, ლევან კობერიძე, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია, ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი კანაშვილი და სხვ. ამასთან, ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი პოლიტიკური, ცნობადი ფიგურა გახდა “ლელოს” ახალი სახე. ჩნდება კითხვა, ასეთი დაბალი რეიტინგის ფონზე, როცა ყველა ვერ აღმოჩნდება სიის ათეულში და დიდი შანსია, ათეულის შემდეგ სიაში მყოფი პერსონები პარლამენტს მიღმა დარჩნენ, რატომ უერთდებიან მაინც წონადი ფიგურები “ლელოს?” ამასთან, საინტერესოა, რა არის პარტიის მიზანი და “ლელოს” მხრიდან რაზე კეთდება აქცენტი?

კახა კოჟორიძე, რომელიც “ლელოს” ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატია, “მეტრონომთან” ამბობს, რომ პარტიის წევრების თვითმიზანი არა პარლამენტში მოხვედრა, არამედ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში მონაწილეობაა. მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და ამ შემთხვევაში IRI-ის კვლევა სინამდვილეს არ ასახავს.

“IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა რამდენიმე თვის წინანდელია და ვერ ასახავს დღევანდელ მოცემულობას. დღეს პარტიას ჰყავს 50 ათასზე მეტი რეგისტირებული მხარდამჭერი და ოქტომბრის ბოლომდე ძალიან დიდ ციფრზე ავდივართ. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გვემატება ჩვენი მუშაობის შედეგად. IRI-ის  მიერ დადებული კვლევა აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ეს შედეგი, რაც დაიდო, იქნება ღიმილის მომგვრელი მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გახდება ცნობილი”.- ამბობს კოჟორიძე.

მისი თქმით, ურიეტინგო პარტიებს არავინ უერთდება, მაგრამ “ლელოს” რომ აქვს რეიტინგი, ამიტომაც უერთდებიან ისეთი პოლიტიკოსები, როგორიც ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ.

“არ მინდა კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბრო, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი შევიყვანოთ პარლამენტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და თვითმიზანი არ არის დეპუტატის სკამი, – მიზანია, პარლამენტში შევიდეს ძლიერი გუნდი, რომ შემდგომ რეფორმების გატარების ბერკეტები გვქონდეს. პირველად ვმონაწილეობთ არჩევნებში. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათ არჩევანს აკონტროლებენ, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ამიტომ, თუ ვინმე მას ჰკითხავს, ვის უჭერს მხარს, მაღალი ალბათობით სახელისუფლებო პარტიას იტყვის. სინამდვილეში, შესაძლოა ასე არ მოიქცნენ, როდესაც საარჩევნო კაბინაში იქნებიან. არჩევნების შედეგები იქნება გაცილებით დაბალი მათთვის, ვიდრე კვლევებში ფიქსირდება” – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

“ლელო საქართველოსთვის” კიდევ ერთი წევრი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” აღნიშნავს, რომ “ლელოს” რეიტინგი აცდენილია რეალობას, თანაც, პარტიის რეიტინგის გაზრდა არჩევებამდე შესაძლებელია.

“რამდენად სწორად იყო ჩატარებული კვლევა, ყოველთვის იწვევს კითხვის ნიშნებს ასეთი გამოკითხვის შედეგები, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ვთქვათ და დაბალია, შესაძლებელია რეიტინგის გაზრდა, – ეს ასევე დამოკიდებული იქნება იმაზეც, ვინ იქნებიან ამ პარტიის კანდიდატები. კანდიდატების პერსონალური შემადგენლობა რეიტინგის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორია. ასე რომ, ეს შეიძლება შეიცვალოს. გარკვეული ადამიანების თვითმიზანია პარლამენტში მოხვედრა და მათთვის მნიშვენლობა არ აქვს რომელი პარტიის სახელით იქნებიან, მაგრამ არის ადამიანების მეორე კატეგორია, რომლისთვის თვითმიზანი არაა პარლამენტში მოხვედრა, არამედ მიზანია შეძლონ იმის გაკეთება, რაც მათ მიაჩნიათ სწორად. “ლელოს” რეიტინგი ამ წუთას, რომ იყოს ძალიან მაღალი, მაშინ შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება: პარტიას შეუერთდნენ, რომ “ლელოს” მეშვეობით მოხვდნენ პარლამენტში. თუმცა, ეს ამ შემთხვევაში ასე არ არის. მოტივაცია იყო არა პარლამენტში მოხვედრის მაღალი ალბათობა, არამედ იმ გუნდში ყოფნა, რომელსაც აქვს მსგავსი მიზნები, რაც ამ ადამიანს. ეს არის საქმისადმი პატიოსანი მიდგომა, ვიდრე მაღალრეიტინგულში გაერთიანება” – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას პირმა შესაძლოა მიმართოს თავის დაცვის მიზნით:

“ხშირია ხოლმე, პოლიტიკურ პარტიას როგორც დამცავ საშუალებას, ისე იყენებენ ადამიანები. ანალოგიური გავლენა შეიძლება იყოს იმათი მხრიდან, ვისაც უნდა დაიცვას თავი სახელმწიფოსგან, მისი სამართლებრივი დევნისგან, ხშირია ეს მოტივი” – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ “მეტრონომთან.”

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ დღეს “ლელოს” რეიტინგი არცთუ ურიგოდ გამოიყურება, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პარტია ახლახანს დაფუძნდა. მისივე თქმით, შესაცვლელია სტრატეგია და გადასახედია პიარი, რაც მათი რეტინგის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“ლელო” სტრუქტურული ფორმირების რეჟიმში იყო და მხოლოდ ახლა დაასახელა მაჟორიტარები. ამიტომ, მისი არცთუ ისეთი მაღალი რეიტინგი, თუ გავითვალისწინებთ დანარჩენი პარტიების რეიტინგებს, ურიგოდ არ გამოიყურება. თავიდანვე “ლელომ” არასწორი პოზიცია აირჩია. გარდა ამისა,  ბიზნესმენები გამოვცადეთ პოლიტიკაში და ბიზნესიდან მოსული თითქოს ქვეყანას ააშენებდეს, ამის ენთუზიაზმი მოსახლეობაში არ არსებობს. თუ ივანიშვილმა ვერაფერი გააკეთა, ხაზარაძემ რა უნდა გააკეთოს?!

პარტიას გადასახედი აქვს გარკვეული თემები. გარდა ამისა, მხოლოდ ანაკლიაზე კონცენტრირება ისეთი შედეგის მომტანი არ არის, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს სჭირდება. კარგი გუნდია, მაგრამ ეს გუნდი ჯერ არ თამაშობს და ამ გუნდის ათამაშებაა საჭიროა. “ლელოზე” პოზიციონირებს მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძე. გადასახედია პიარი და შესარჩევია მოლაპარაკე თავები, რომელთაც პოზიტიური პოზიცია ექნებათ ამომრჩეველში” – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან.”

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ “ლელოს” რიგებში უკვე საკმაოდ ბევრი ცნობილი პოლიტიკური ფიგურაა. დღევანდელი რეიტინგიდან გამომდინარე, ბევრი მათგანი შესაძლოა დარჩეს პარლამენტს მიღმა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში არსებული მწვავე კონკურენციისა, “ლელომ” აქ პოზიტიური შედეგი დადოს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ლელოში” გაწევრიანებული ანგარიშგასაწევი რესურსის გარეთ დარჩენის დიდი შანსი არსებობს.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის თანახმად, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 33% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა. “გაერთიანებულ ოპოზიცია – ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 16%-მა უჭერს მხარს. მესამე ადგილზე “ევროპული საქართველო” იმყოფება, პარტიას გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. მეოთხე და მეხუთე ადგილს 3-3%-ით ახალი საქართველო – სტრატეგია აღმაშენებელი და პატრიოტთა ალიანსი იკავებენ. 2-2% აქვთ “ლეიბორისტულ პარტიას”, “სამოქალაქო მოძრაობას”, “ლელოს” და “გირჩს”.

ცნობისათვის მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

თამარ შუკვანი

 

 

იტვირთბა....