ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი ჩვენი სტატიები

ემუქრება თუ არა არჩევნების წინ შაქარაშვილის საქმეს პოლიტიზება: ექსპერტები სასამართლოზე საქმის ჩამოშლაზე საუბრობენ

“ბევრს გადაწყვეტს, როგორ მოსამართლეს მოუწევს ამ საქმეზე მუშაობა და მოხდება თუ არა იგივე სარალიძის შემთხვევა, როცა საქმე ფაქტობრივად შეიკერა”

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის პატიმრობაში 17 პირი იმყოფება. მათგან ხუთ პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე – ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და ორ არასწრულწლოვანს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ამასთან, საგამოძიებო ორგანომ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც 19 ივნისის ღამეს არაგვის ხიდთან მომხდარ ინციდენტს დეტალურად ასახავს.ვიდეომასალის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა ხუთ თავდამსხმელს შორის, შედეგად მას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მოესპო და ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა, ჩასულიყო ხევში,  სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. გთავაზობთ ამონარიდს გამოძიების ინფორმაციიდაან:

“ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.”

ვინაიდან, საქმე საკმაოდ სენსიტიურია და მაღალ ინტერესს შეიცავს, საზოგადოება სასამართლო განჩინებასა და კონკრეტული პირების ბრალეულობის დამტკიცებას ელოდება. თუმცა, საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამოძიების მასალებიდან არ ჩანს მყარი მტკიცებულებები, რითიც პროკურატურა დაკავებულების მიმართ ბრალის დამტკიცებას შეძლებს. გამოძიება გვეუბნება, რომ შაქარაშვილი ხუთმა თავდასხმელმა შუაში მოაქცია, მდინარემდე ჩაჰყვა და ფიზიკურად იძალადა, შემდეგ კი წყალში გადააგდეს. თუმცა არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ და არსებობს რეალური საფრთხე, საქმე სასამართლოში ჩამოიშალოს.

შაქარაშვილი რომ ნაცემია, ამას კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადასტურებს, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებები მიყენებულია მკვრივი-ბლაგვი საგნებით – ხელი, ფეხი, ხელკეტი ან ქვა. ამასთან, ექსპერტიზამ გამორიცხა ვერსიები, რომ შაქარაშვილს შეეძლო დაზიანებები მიეღო ხიდიდან ვარდით, ან ფერდობზე დაგორებით. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე “მეტრონომთან” ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები ცემის დროს მიიღო. ხოლო კითხვაზე, ექსპერტიზის დასკვნა აძლევს თუ არა ვარაუდის ქონის საშუალებას გამოძიებას, რომ შაქარაშვილს შეეძლო დაზიანებები აღნიშნული ბლაგვი საგნებით ცემის გარდა სხვა გარემოებაშიც მიეღო, გეჯაძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხი ამის საშუალებას არ იძლევა.

“დასკვნით გამოძიების სამოქმედო არეალი შემცირდა და ზოგადად რჩება ცემის ფაქტი. გამოძიებისთვის სწორედ ეს რჩება ძირითად ვერსიად, რომ შაქარაშვილმა ეს დაზიანებები ცემის დროს მიიღო. თუ დაცემით ვერ მიიღებდა, დაგორებით ვერ მიიღებდა და სხვა გარემოებაში ვერ მიიღებდა, რაღა დარჩა?! ცემაა ზუსტად”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ “მეტრონომთან.”

მიუხედაად იმისა, რომ კომისიურ ექსპეტიზის დასკვნა სასამართლოსთვის მყარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლულია. ჩნდება კითხვა, ვინ ჩაიდინა დანაშაული?! კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, გამოძიება გვაწვდის ინფორმაციას, რომ ფეხბურთელს ორივე მხრიდან გზა გადაუკეტეს და ხუთმა პირმა მასზე იძალადა. ცნობილია ამ ხუთი ადამიანის ვინაობაც, მაგრამ დანაშაულს არცერთი აღიარებს და მეტიც, ამბობენ, რომ შაქარაშვილი არცკი დაუნახავთ და ვინ ხუთ პირზეა საუბარი, მათთვის უცნობია. გამოძიებას კი თავდასხმისა და ძალადობის ეპიზოდში არანაირი მტკიცებულება გააჩნია, რაც კონკრეტული პირების ბრალეულობას დაამტკიცებს. არ არსებობს მოწმის ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები ან სხვა სახის მტკიცებულებები, რითიც სასამართლოს ამ კონკრეტული ხუთი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლია. ამიტომ, ხომ არ არსებობს საფრთხე, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდეს საქმის პოლიტიზირება და სასამართლოს გადაწყვეტილება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, ვინაიდან “ქართულ ოქნება” უბრალოდ არ დაუშვებს ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს საკუთარი ძალაუფლება შესწიროს.

“მეტრონომმა” ამ კითხვით ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიმართა, რომელმაც დაადასტურა, რომ გამოძიებას დანაშაულის დასამტკიცებლად ამ ეტაპზე ნამდვილად არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები და ხელისუფლება გარკვეული რისკის წინაშეა. ნანუაშვილის თქმთ, საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

“წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა იმის გამო, რომ საქმეში უკვე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და ბევრი ბუნდოვანი საკითხი დაგროვდა,  ეს საქმე მთლიანობაში უნდა იყოს შესასწავლი და შემდეგ იყოს გადაწყვეტაილება მიღებული. მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე მოსამართლეს შესაძლოა  გაუჭირდეს გადაწვეტილების გამოტანა ყველა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმეს ეხება. ბევრი კითხვის ნიშანი დაისვა, რომლებიც ეხებოდა, როგორც შემთხვევის ადგილის დაცვას, თავიდანვე არ იყო დაცული ტერიტორია. როდესაც დაზარალებული ამბობდა, რომ შეეძლო ამოცნობა, ამოცნობაც არ ტარდებოდა. არაერთხელ მოხდა ჩვენებების შეცვლაც. კითხვის ნიშნები იყო იგივე კამერებთან დაკავშირებით, როცა თავის დროზე არ მოხდა მერიისთვის მიმართვა, ვიდეოჩანაწერების ამოღება მომხდარიყო. ხოლო როცა მიმართეს, უკვე წაშლილი იყო კადრები. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო ასევე შემთხვევის ადგილის გადაწვაზე, 112-ის ზართან დაკავშირებით, ასევე, იმ ნომრიდან განხორციელებულ ზარებზე, რომელიც იყო დაშტრიხული. ანუ, ბევრი საკითხია, სადაც ბევრი გაურკვევლობა და ბუნდოვანება რჩება. გამოძიებამ რაღაც საკითხებს უპასუხა, მაგრამ ბევრ კითხვას ბოლომდე არ უპასუხა და ძალიან საინტერესოა, რა იქნება სასამართლოში წარდგენილი. რადგან კითხვის ნიშნები დღემდე რჩება და ამან შესაძლოა იმოქმედოს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს, როცა ყველა ეს გარემოებები და  დეტალები იქნება გათვალისწინებული.

განაჩენის გამოსატანად უნდა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები არა ერთი კონკრეტული, არამედ რამდენიმე. ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენება იქნებოდა მნიშვნელოვანი. შესაძლოა კიდევ იყოს დეტალები, რომელიც მე არ ვიცი და შესაძლოა ამის საფუძველზე სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ პროგნოზისგან თავს ვიზღვევ, რადგან არ ვიცით, აქვს თუ არა გამოძიებას კიდევ რაიმე დამატებითი დეტალი. რომელიც გასაჯაროებული არ ყოფილა,” – აცხადებს ნანუაშვილი.

ყოფილი ომბუდსმენის შეფასებით, საქმეში ჩანს როგორც გამოძიების არაფროფესიონალიზმი, ასევე, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებიც, რითიც გამოძიებამ კვალის წაშლას შეუწყო ხელი. ამასთან, ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტლება მიიღოს და “ხორავას ქუჩის” საქმის მსგავსად შაქარაშვილის საქმის “შეკერვაც” მოხდეს.

“აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომელ მოსამართლესთან მოხვდება საქმე, მართლმსაჯულებასა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან ბევრს გადწყვეტს, როგორ მოსამართლეს მოუწევს ამ საქმეზე მუშაობა და მოხდება თუ არა იგივე სარალიძის შემთხვევა, როცა საქმე ფაქტობრივად შეიკერა.

ზოგადად, ეს არის სენსიტიური საქმე, პოლიტიზირების ნიშნები უკვე იყო, მითუმეტეს პროცესები მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში და ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ხელისუფლების წისქვილზე და რეალურად ეს იქნება გარკვეული რისკი ხელისუფლებისთვის, რომ მაქსიმალურად აირიდოს ის, რაც თუნდაც მოჰყვა სარალიძის საქმის განხილვას, როცა საკმაოდ დიდი მღელვარება და მთავარი პროკურორის გადადგომაც მოჰყვა, გვახსოვს. ამ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია და ბევრი რამაა დამოკიდებული კონკრეტულ მოსამართლეზე, რამდენად იქნება ის დამოუკიდებელი. ეს არის საკითხავი ზუსტად, გვახსოვს, სარალიძის შემთხვევაში მოსამართლემ საქმე უკან დააბრუნა, რადგან საქმე კარგად არ იყო გამოძიებული. მაშინ მოსამართლის მიმართ წავიდა ისრები და მათ შორის კრიტიკა მაღალი თანამდებობის მხრიდან. არადა პროკურატურამ აღიარა, რომ საქმეში იყო გარკვეული პრობლემები.,”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და დასძინა, რომ არაა გამორიცხული, შაქარაშვილის საქმის შემთხვევაშიც, მოსამართლებ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გამოძიება ახალ წარმოებაში დააბრუნოს.

მოსაზრებას, რომ შაქარაშვილს საქმეზე პროკურატურის ვერსიები მყარი მტკივებულებებით არაა გამაგრებული და მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩანის გამოტანა გაუჭირდება, ეთანხმება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძეც. კაკაბაძე “მეტრონობთან”  აცხადებს, ის დარწმუნებულია, სასამართლოში პროკურატურას წარდგენილ ბრალდებებში კონკრეტული პირების მიმართ მყარი მტკიცეულებები არ ექნება,

“ტრადიციად იქცა ის, რომ ჟურნალისტებისთვის მაღალი საზოგადოების ინტერესების თემაზე ფაქტობრივად ტელეგამოძიებები მიმდინარეობს, რაც ძალიან ცუდად აისახება ხოლმე სამართლიან გამოძიებაზე. ხშირად ასეთი საქმეები უფრო პიარის ჭრილში მიდმინარეობს, ვიდრე სამართლებრივ ჭრილში და შაქარაშვილის შემთხვევაშიც ეს გვაქვს. სასამართლოზე გაუჭირდება პროკურატურას ამ საქმის გატარება და ის პირები, ვინც პატიმრობაში ჰყავს მიცემული, მათ მიმართ წარდგენილი მუხლების დაცვა, მგონია, ეს ძალიან გაუჭირდებათ.

რასაც ვაკვირდები, გამოძიება წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, იგივე სარალძის საქმეზეც, ფაქტობრივად, მეტწილად ჟურნალისტების ინტერესებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი და არა კანონმა და სამართალმა.  მედიამ უნდა ასახოს, რა მიაჩნია სწორად და რა არა, მაგრამ ისე არა, რომ შენ სთავაზობდე გამოძიებას ვერსიებს და პოზიციას და ამის არგათვალისიწინების შემთხვევაში გამოძიება ხდება იარლიყების მსხვერპლი. უკვე ვეღარ ირკვევა, სადაა პოლიტიკური ინტერესები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ინტერესები არსებობდეს. ამ ეტაპზე კი, დარწმუნებული ვარ, პროკურატურას წარდგენილ ბრალდებებში კონკრეტული პირების მიმართ მყარი მტკიცეულებები არ ექნება, სასამართლოში თავიანთ პოზიციას ვერ დაიცავენ. დღეს რასაც მე ვუსმენ, ვფიქრობ, რომ გამოძიებას უჭირს მტკიცებულებების მოპოვება იმ მუხლში, რა მუხლითაც წარადგინეს,” – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო საზოგადიებისა და პოლიტიკური ინტერესების ზეგავლენის ქვეს მოექცეს და საქმეზე განაჩენი ამის შესაბამისად გამოიტანოს და არა მყარი მტკიცებულებების საფუძველზე.

“თუ სასამამართლომ ეს გააკეთა, მოექცა გავლენის ქვეშ და პოლიტიკური წნეხის ქვემდენარე გახდა, ეს უკვე არის კატასტროფა და ამას ვეღარაფერი ვერ შემოაბრუნებს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. ალბათობა ამის არსებობს, მაგრამ სასამართლო სასამართლოა და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გადაწყვეტილება იყოს დაყრდნობილი მხოლოდ და მხოლოდ მყარ მტკიცებულებებზე და არა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ ზეწოლებზე დაყრდნობით,”- განაცხადა უფლებადამცველმა.

ამასთან, როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, შაქარაშვილის საქმე არაა იმდენად მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე  რომ სასამართლო იძულებული გახდეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანოს. ხოლო, ამ საშიშროების თავიდან ასარიდებლად კაკაბაძე მიიჩნევს, რომ უფლებადამცველების მხრიდან აუცილებელია პროცესის მონიტორინგი, თუ რამდენად სწორ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხდება პირების გასამართლება.

ამ ეტაპზე რაც გამოძიების მხრიდან გასაჯაროვდა, არ არსებობს მყარი მტკიცებულებები, რითიც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა დადასტურდება და კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან. გახდება თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, ამას არჩევნებამდე აუცილებლად ვიხილავთ.

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. ბრალდებულების ნაწილის წინასასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა და მოსამართლემ ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. მორიგი სასამარტლო პროცესი აგვისტოში გაიმართება.

შეგახსენებთ, 22 ივნისს მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 10 ივლისს გიორგი შაქარაშვილის პირველი ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....