ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც ხუხაშვილი წერს, შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება:
“შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.
გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.
როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
არც ახლა მოხდება ასე.
1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.
ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.
პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას”, – წერს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ, გუშინ, 12 აგვისტოს, შაქარაშილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას გამოძიების შუალედური ანგარიში წარუდგინა.
უწყების ცნობით, გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რის შემდეგაც, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რამაც გამოიწვია მისი გარდაიცვალება.
უწყებამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ვიდეო გაასაჯაროვა.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.