გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძეის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი ჯერ ცემეს და შემდეგ წყალში ჩაახრჩეს. ამის შესახებ მან გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა. მისი თქმით, ცხედარი წყალში რომ არ ყოფილიყო 48 საათზე მეტ ხანს, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.
“საქმეში მსგავსი არაფერი ფიგურირებს, რასაც ვიტყვი, მაგრამ ეს არის ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია – თან ცემეს და თან ჩაახრჩეს წყალში და მერე გაატანეს წყალს. როდესაც ცემ ადამიანს და ხარ გამხეცებული და არაადამიანურ ჭკუაზე, არაა გამორიცხული… რადგან აგრესიის ნიადაგზე მათ თავებში მკვლელობის განზრახვა წარმოიქმნა, რა ფორმით დასრულდებოდა ეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი პოტენციური მკვლელები იყვნენ, კონკრეტული მომენტი შეიქმნა და ეს პოტენცია გამოამჟღავნეს.
ექსპერტიზაში წერია, რომ ბავშვი წყალში დამხვრჩვალია მიყენებული დაზიანებებიდან ძალიან მოკლე ხანში. ის ვერსია, რომ ვიღაც მარშრუტკით დაატარებდა კომაში მყოფ ბავშვს და მერე მიიყვანა და წყალში ჩაახრჩო, ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს. ბავშვი რომ არ ყოფილიყო წყლის ტემპერატურაზე 48 საათზე მეტი, სხეული იქნებოდა ბევრად მძიმე მდგომარეობაში” – განაცხადა ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.