გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, თუ სასამართლო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, ამას მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ მაასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, ჩვენი რეაქციის საფუძველი გახდება. თუ სასამართლო მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ გერმანიის სასამაღტლოს ყველა საჭირო უნფორმაცია გადასცა და გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, სლოვაკეთი რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევა. ამასთან, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერში გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიმპლმატი გააძევა, რასაც რუსეთმა ორი გერმანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანელმა სამართალდამცავებმა რუსი ეროვნების ვადიმ კ. დააკავეს. მიმდინარე წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულს ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებამ დაუკვეთა.