საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მმართველი გუნდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა მმართველის პირობებში, ქართველმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი და მუდმივი დაპირისპირება.
“2020 წელს პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი გვიდგება. 2020 წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა გავამყაროთ ის მონაპოვარი, რომელიც ყველამ ერთად მოვიპოვეთ. ეს არის მშვიდობა უპრეცედენტო, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია.
ყველას გავახსენოთ კიდევ ერთხელ, ყველა მმართველის პირობებში, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება. და კიდევ გავიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩვენო მეგობრებო და გისურვებთ გამარჯვებას. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად, ოქტომბრის თვეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ საერთო გამარჯვებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.