“ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, ამავდროულად ცალსახად გამოვრიცხეთ, რომ შაქარაშვილს დაგორებით არ შეეძლო ამ დაზიანებების მიღება, რამეთუ ადგილი უნდა ჰქონოდა სხვა სახის დაზიანებებს. გამოიკვეთა წელის პროექცია, სადაც სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ამ ლოკაციაში ხელკეტის მაგვარი საგნის ზემოქმედებით უნდა იყოს დაზიანება მიყენებული. სავსებით დასაშვებია, რომ დაზიანებები განვითარებულიყო ცემის რეჟიმში. ყველა არის სიცოცხლის დროინდელი.“
ალექსანდრე გეჯაძე – დამოუკიდებელი ექსპერტი
გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომისიის წევრები მივიდნენ ერთიან გადაწყვეტილებამდე და ექსპერტიზის წარმოების პროცესში აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ აქვს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დასრულდა მეორე სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი და საქმესთან დაკავშირებით არსებული 14 კითხვიდან პასუხი გაეცა 8 კითხვას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. გამოძიების მტკიცებით ეს ხუთი პირია: ვ. ჩ., ა. ქ. ზ.ხ., ა. გ. ნ. რ.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.