ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ დაღუპული პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო განცხადებას ავრცელებს.
როგორც ლობჟანიძე აღნიშნავს, მას თეთრიწყაროდან ბაჩალიაშვილის გაყვანას აბრალებენ.
“ბევრი რაღაც ისეთი გამოიკვეთა, რომ მე ვქეიფობდი დაკრძალვის დღეს, ბევრი ინციდენტი გახდა საჯარო და ეს მითი რომ გაქრეს, ჩემი Google-ის თაიმლაინი ამოვიღე და მინდა ვაჩვენო ყველას, სად ხდება ჩემი გადაადგილება ამ დროს. მე ამას (ბაჩალიაშვილის გაუჩინარებას) ვიგებ 21-ში, საღამო ხანს, დაახლოებით 20:00-21:00-საათზე. მაბრალებენ, რომ გავიყვანე თამარი თეთრიწყაროდან და ბოლოს გავგუდე, თუ რაღაც ასეთი, ამაზრზენი და ფანატიკური იდეები”, – აცხადებს ლობჟანიძე.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.